ოჯახი

ბაღი

 

სულ მგონია, რომ სექტემბრიდან ახალი წელი იწყება და აგვისტოდან დიდი ინტერესით ველი. მართლაც იწყება ხოლმე. წელსაც ახალი ეტაპი დაიწყო ჩემ ცხოვრებაში, ბაჭია ბაღში მივიდა. შვებულება ამ პერიოდს დავამთხვიე, რომ თავიდან მე მეტარებინა და კარგად გამეცნო ბაღის მასწავლებლები და ზოგადად სიტუაცია, მერე ჩემი მეუღლე ატარებს. ჩემი გოგო 4 წლისაა, ტიკტიკა, პატარა მსახიობი, ძალიან კონტაქტური, სულ შეყვარებული და რომანტიკულ განწყობაზე მყოფი. 😀 მაგრამ ძალიან ნაზი, სიფრიფანა და ემოციური. ყველაფერს ძალიან განიცდის და დარდობს, ამიტომ ძალიან მაინტერესებდა რა ემოციებით და ამბებით მოვიდოდა სახლში.

თავიდან ადრე გამომყავდა, თუმცა ადვილად მიეჩვია და თამამად დავტოვე.

ორი დღე მშვიდად ჩაატარა, მაგრამ საღამოს სამსახურიდან სახლში რომ დავბრუნდი დამხვდა ჩემი კუპწია მობუზული. ბაღში ერთ-ერთ ბავშვს დაურტყია. დავამშვიდე, არაუშავს ხდება ხოლმე ეგეთები, არ მიაქციო ყურადღება, ალბათ შემთხვევით მოუვიდათქო.

მეორე საღამოს დუნდულა დალურჯებული დამხვდა. აქ უკვე შევშფოთდი. გავარკვიე, რომ სასრიალოდან ჩამოუგდია, ისევ იმ ბავშვს. ვკითხე, მასწავლებელს არ უთხარითქო და რა აზრი აქვს, მეორე მასწავლებელთან ზის და ჭორაობსო. ძალიან არ მიყვარს კონფლიქტი, ამიტომ უცებ გაჩენილი ბრაზი ჩავახშე და ისევ ბავშვს მივუბრუნდი დეტალების გასარკვევად. დავარიგე, რომ არავისთვის დაერტყა თვითონ, მასწავლებელთან მისულიყო და იმ ბავშვისთვისაც ეთქვა, რომ ცუდად იქცეოდა და მასთან აღარ ითამაშებდა. ჩემი ქმარი არ დამეთანხმა, არ უნდა ამდენი მოლაპარაკებები ამ ასაკშიო, მაინც ვერაფერს გაიგებენ და ამ დროს უნდა მიხვიდე შვილო და გემრიელად შემოცხო შენცო. ერთხელ თუ დაინახეს, რომ დარტყმის დროს თავს არ იცავ, მერე უკვე სულ შენზე შეიწმინდავენ ფეხებსო. ბავშვმა ვერ გაიგო ვერაფერი, დედა მოლაპარაკებას ურჩევს, მამა – სამაგიერო დარტყმას. ბოლოს იკითხა: – რომ ვუთხრა, მე ნუ მაწვალებთ, სხვა ბავშვი აწვალეო?

ვერ წარმოიდგენთ რა ვიგრძენი, ყელში ბურთი გამეჩხირა და ტირილი მომინდა. ჩემ კუპწიას, ჩემ ერთადერთს ვიღაც ურტყავს და ჩაგრავს და მე ამ დროს რას ვაკეთებ? სამსახურში ვარ ჩემთვის არხეინად და ეს პატარა მარტოა და თავს ვერ იცავს. ისეთი სუსტი და არარაობა ვიყავი იმ დროს, თავს ისე დამნაშავედ ვგრძნობდი შვილთან, დედობასაც რომ არ ვიმსახურებდი. ამავე დროს უდიდეს აგრესიას და ძალას ვგრძნობდი, ყველას დახოცვა მომინდა მასწავლებლიან ბავშვებიანად. მაგრამ ისევ სიმშვიდის გზა ვარჩიე და ისევ ბავშვის დარიგება დავიწყე.

მესამე საღამოს მუხლებ გადაღვლეპილი დამხვდა და აი აქ უკვე ვეღარ გამაჩერეს. დილით, მამამისის მაგივრად მე წავიყვანე ბაღში. ფეხებზე მეკიდა სამსახურიც, უფროსიც და დაგვიანებაც. მასწავლებლი მისდა საბედნიეროდ ადგილზე არ დამხვდა და მეორე აღმზრდელი იყო. ისევ არ მინდოდა ჩხუბით და ისტერიკით მისვლა, ამიტომ ჯერ დეტალების გარკვევით დავიწყე. მერე მსუბუქი საყვედურით გავაგრძელე, რომ ბავშვი 3 დღეა ნაცემი და დაბეგვილი მოდის სახლში და თუ კიდევ რამე მსგავსი განმეორდება, მერე უკვე თქვენთან კითხვებით აღარ მოვალთქო. ისეთი სახე მიიღო, თითქოს უდიდესი შეურაცხყოფა მიაყენეს, გულზე ხელი იტაკა, შეიცხადა ბავშვები არიან, ახალი მოსულები, ყველა აგრესიულია ჯერ და ბავშვების კინკლაობაზე ამხელა ამბის ატეხვა არ ღირსო. მიეჩვევიან ერთმანეთს და შეწყდება ეს კინკლაობებიცო. არ ვიცი მართლა ბავშვები შეეჩვივნენ ერთმანეთს, თუ მასწავლებელმა გამოიჩინა მეტი ყურადღება, მაგრამ იმის მერე ერთ კვირაა მშვიდად დადის.

მე კი იმ დღის მერე თავს სულ დამნაშავედ ვგრძნობ, სულ მეშინია ვინმემ რამე არ დაუშავოს, რამე ისეთი არ უთხრას რაც სტრესს მიაყენებს, ათასი კითხვა და შიში მიჩნდება, დანაშაულის გრძნობა, რომ ის იქ მარტოა 45 თავის ტოლ ადამიანთან ერთად. არადა ვიცი, მე ვერ ჩავერევი სულ, მე ვერ მოვუგვარებ პრობლემებს, მე ვერ გავაკეთებ მის გასაკეთებელ საქმეს. საზოგადოებაში თავი თავად უნდა დაიმკვიდროს. რთულია ცხოვრება, ბავშვობაც რთულია და სიბერეც. მე მხოლოდ უნდა მივუთითო, გზა ვაჩვენო, კარგის და ცუდის გარჩევა ვასწავლო, საკუთარი თავის რწმენა ვაგრძნობინო და დავაჯერო. მიუხედავად იმისა რომ მარტოა, ჩემი გვერდში დგომის იმედი სულ უნდა ჰქონდეს, რომ მე მისი შესაძლებლობების მჯერა და მისით ვამაყობ. თეორიულად რა ძალიან ადვილია ამის თქმა, მაგრამ როგორი რთულია რეალურად განხორციელება. 😦

ძალიან რთულია იყო მშობელი.

 

Advertisements

3 thoughts on “ბაღი

  1. კი მშობლობა მართლაც რთულია, მაგრამ ნუ გეშინია, თუკი საკუთარ გზას არ დავანახებთ, თუკი მის წილ თავისუფლებას და დამოუკიდებლობას არ მივაჩვევთ სწორედაც რომ ბაღის ასაკიდან მერე ისევ ჩვენ ვინანებთ… ხომ გვინდა სრულფასოვან და შემდგარ ადამიანებად გავზარდოთ?! ისედაც ამ დასკვნამდე მიდი და მივდივართ ყველა მშობელი რარაც კონკრეტულ მომენტში, ასე რომ ყველაფერი გამოვა! ყველაფერი გამოგვივა, ან უფრო სწორად გამოვიყვანთ! 🙂

    Liked by 1 person

    1. კი ეგრე ვფიქრობ მეც და ჩემგან დამოუკიდებელია ისედაც მთელი დღე, მაგრამ მაინც მენერვიულება, სულ ვფორიაქობ და სულ შიშებში ვარ. რამეს ვიზავ და მოვერევი თავს! აუცილებლად! 😀

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s