კარიერა

სამსახური

ხანდახან ვფიქრობ ხოლმე, რა იქნებოდა რომ არ ვმუშაობდე? მხოლოდ სახლში ვდიასახლისობდე და შვილს ვუვლიდე. ხანდახან მეგობრებს ვხვდებოდე, ალბათ მაშინ როცა ისინი მუშაობას მორჩებოდნენ. ან ვთქვათ ბევრი ფული მაქვს, არ მჭირდება მუშაობა, შემიძლია დრო მარტო თავის მოვლას და გართობას დავუთმო. არა, არ მინდა იმის წარმოდგენაც კი, რომ ჩემი პროფესია და საქმე არ მექნება და ასე უაზროდ და უმნიშვნელოდ გავატარებ ცხოვრებას.

ხშირად ყელში ამომსვლია ეს ჩემი სამსახური, გავბრაზებულვარ უსამართლობების გამო, თანამშრომლებსაც გავუმწარებივარ არაერთხელ, უფროსს რომ ათასჯერ მიცვლიან ცალკე ეგ მიშლის ნერვებს, მაგრამ მაინც ძალიან მიყვარს ის რასაც ვაკეთებ და სადაც ვარ.

ხანდახან მგონია, რომ უჟმური ვარ. ხალხს ჩემამდე არ ვუშვებ, არ ვენდობი და არ მიყვარს ჩემ ყოველდღიურობაში სხვა რომ ერევა. ბევრი მეგობარი არ მყავს. ერთი ხელის თითებიც მეყოფა მათ ჩამოსათვლელად. სიტყვა დაქალი არ მიყვარს. მყავს ნაცნობები, თანამშრომლები, ადამიანები ვისთან ერთად დროის გატარება და აზრის გაცვლა მსიამოვნებს, მაგრამ მეგობარი ცოტა. ჩემ სამსახურში ისეთი გარემოა და ყოველდღიურობა არამგონია სხვა სამსახურებისგან დიდად განსხვავდებოდეს.

დილით სამსახურში მისვლისას, დაახლოებით 400 კაცი, დილის პროცედურას ვატარებთ. შენობაში ყავის სუნია. 9-დან 10 საათამდე ყავის სმა და ინტერნეტში საკნატუნო ამბების კითხვა მიდის. შესვენება 1-დან 2-მდეა. ამ დროს დერეფნებში ხმაურია, ხალხი ჯგუფებად, ,,სასტავებად” იყოფა და შესვენებაზე გადიან.

მთელი სიამოვნებაა ამ სასტავების კვლევა/შესწავლა. ვეცდები მაქსიმალურად მოკლედ დავახასიათო. ,,სასტავები” იყოფა კატეგორიებად:

  1. ე.წ მოდურ გოგონათა სასტავი. ამათ ონლაინ მაღაზიების, ახალი კოლექციების, დიზაინერების და ბიჭების გარდა სალაპარაკო არ აქვთ. ხო, სოფლელებს ვერ გვიტანენ. და ჭორაობა, ჭორაობა 24/7-ზე.
  2. ე.წ დედების კლუბი. საუბარი მიდის ძუძუში რძის გაშრობაზე, პამპერსებზე, მშობიარობაზე, გინეკოლოგებზე, სექსზე, ოღონდ ამას ურთიერთობას უძახიან. ამ ჯგუფის ყველაზე ძალიან მეშინია მას შემდეგ, რაც ჩემი გოგო გაჩნდა და მშობიარობის ამბები დაწვრილებით გამომკითხეს. სამსახურში მოყავთ ბავშვები. შენც აუცილებლად უნდა მიხვიდე და ბავშვს გაეთამაშო, შეაქო რომ ძალიან ლამაზი და საყვარელია, გაასეირნო და ა.შ მუდმივად საუბრობენ დიეტაზე, რომ აწუხებთ ზედმეტი კილოგრამები და პარალელურად შოკოლადს და ვაფლს მიირთმევენ.
  3. შემდეგია ამბიციური ,,შკოლნიკი” ტიპების ჯგუფი. აქ ქალებიც შედიან და კაცებიც. ყველაფერზე წამსვლელი ტიპები. მაქსიმალურად ორგანიზებულები, უფროსთან ,,დაახლოებულები”, რომელთა წყალობით შეფი ყოველთვის ყველაფრის საქმის კურსშია. ამ ჯგუფს საქმის გარდა ვერაფერზე დაელაპარაკები. ესენი თავისზე წინ არ გაგიშვებენ. ყოველ შემთხვევაში ცდილობენ ხოლმე, მაგრამ ყოველთვის არ გამოსდით. ამათაც ვერიდები.
  4. ე.წ ფეხებზე მკიდია, კაი ტიპთა სასტავი. ამათ ყველა თანამშრომელთან კარგი ურთიერთობა აქვთ, საქმის კეთებით თავს არ იწუხებენ, მის საქმეს შენ გაკეთებინებენ, სამაგიეროდ გაგეგზავნებიან უფროსთან, მაღაზიაში, აფთიაქში, ხანდახან ანეკდოტსაც მოგიყვებიან, ყავას მოგიდუღებენ. ექსკურსიების და რესტორნებში ქეიფის ორგანიზატორებიც ესენი არიან. 5-ის მერე საქმეს არ დაიწყებენ, რაღა დარჩა 6-მდე, სახლში წასვლის დროა.
  5. შემდეგია გზააბნეულთა ჯგუფი. მე აქ შევდივარ.

ამ გზა აბნეულებში კიდევ რამოდენიმე ჯგუფი წარმოიქმნება ხოლმ ეეტაპობრივად, რომლებსაც საერთო ჰობი ან რაიმე შემთხვევა აერთიანებს.

როგორი ვარ მე? ყველას მეგობარი არავის მეგობარი არააო, მგონი ასე ამბობენ. მიყვარს ახალი ადამიანების გაცნობა, მათი ხასიათის და პიროვნული თვისებების კვლევა/დაკვირვება. მიყვარს წიგნების კითხვა, მათზე საუბარი. მიყვარს ჭამა (ძალიან), ოღონდ მარტო. სულ ველოდები როდის დაცარიელდება სამზარეულო, რომ მარტო დავჯდე და ნელ-ნელა, ჩემს გემოზე ვჭამო. მაგრამ მაშინ უნდა შემოვიდეს ვინმე აუცილებლად, მომიჯდეს გვერდით მხოლოდ იმიტომ, რომ მარტო არ ვიჯდე უხერხულად. არ მიყვარს პირად ცხოვრებაზე კითხვების დასმა. არც პასუხები.

ბუნებით მაქსიმალისტი ვარ. ადრე ვიცოდი რადიკალური გადაწყვეტილებების მიღება ან შეფასებების გაკეთება, მაგრამ ახლა არა. საშუალო, ნეიტრალური პოზიციით დგომას ვირჩევ. და ვიცი, რომ ეს ყოველთვის კარგი არ არის. რადგან შინაგანად ემოციას ვერ ვაკონტროლებ, შიგნით დუღს და აფეთქებამდე ვარ ხოლმე. და ბოლოს ასე ,,უმიზეზოდ” ვტირი. ჩემი მაქსიმალიზმი აქაც ჩანს.

რთულია ძალიან უამრავ განსხვავებულ ადამიანთან საერთო ენის გამონახვა, მითუმეტეს საერთო საქმის კეთება. კონფლიქტის და დაძაბულობის არიდების გამო, ბევრად მეტი საქმის და პასუხისმგებლობის თავზე აღება მიწევს ხოლმე, სხვისთვის ხვეწნას და მორალის კითხვას ისევ მე ვაკეთო მირჩევნია, რაც ჩემთვის საბოლოოდ მხოლოდ ცუდია.

სახლში მივდივარ ნაომარი, ემოციებით დატვირთული, ხან ბედნიერი, ხან გამწარებული. ვიცი რომ ეს ჩემი უარყოფითი ემოციები ზღურბლს იქეთ არ უნდა გადავიდეს და გარეთ უნდა დავტოვო. ოჯახში მშვიდად და მხოლოდ დადებითი აურით უნდა მივიდე, მაგრამ ვერ ვახერხებ ამას ხშირად. ამიტომ მადლობა ჩემ გოგოს, რომ ასეთი დედიკოც უყვარს და მადლობა ჩემს კაცს, რომ ასეთს მიტანს და მითმენს.

Advertisements

4 thoughts on “სამსახური

  1. ვაი–მე 🙂 ასე მგონია მე დავწერეეე 🙂 რა მაგარი გოგო ხარ რომ ასე ლამაზად ცოტა სატირულად და ცოტაც იუმორისტულად აღწერე ასე მართალი ამბები 🙂

    Liked by 1 person

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s