საზოგადოება

საზოგადოებრივი ტრანსპორტი

ჩემდა სამწუხაროდ ყოველ დღე მიწევს საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა. ძირითადად ე.წ ყვითელი მარშუტკებით ვმგზავრობ და ხანდახან ტაქსით, დაღლილობის ხარისხს გააჩნია, დროის სიმცირეს და ამინდს. ავტობუსით ყველაზე იშვიათად ვმგზავრობ. ახლა იმას ვფიქრობ რომელი ერთის სიკეთეებზე ვწერო. ერთი კოშმარიდან, მეორეში გადაჯდები თუ არა, არ აქვს მნიშვნელობა.

ტრანსპორტის ჰიგიენური მდგომარეობა არანაირ ნორმაში აღარ ჯდება, ტექნიკურ გაუმართაობაზე რომ არაფერი ვთქვათ. მიმგზავრია ისეთი ,,მარშუტკით” რომელსაც დაგორებით ან მოწოლით ქოქავენ, საჭე გაჭედილი აქვს და მძღოლი ძლივს ატრიალებს, კარი არ იკეტება და მგზავრს ხელით უჭირავს. სკამების, იატაკის და ფანჯრების სიბინძურე ხო ენით აღუწერელია.

ჩემ სახლთან ახლოსაა ჩემთვის სასურველი სამარშუტო ტაქსების ბოლო გაჩერება, ამიტომ დილით დაჯდომის პრობლემა არ მაქვს, მაგრამ საღამოს აუცილებლად კიბეზე უნდა ვიდგე და კარები ხელით მეჭიროს. დღეში 12 ლარი მხოლოდ ტაქსისთვის მებევრება, ამიტომ სხვა გზა არ მაქვს. დილითვე ვესწრები მანქანების ,,დასუფთავების და წმენდის” პროცესს. ვფიქრობ და ვერ წარმოვიდგინე, როგორ უნდა გაწმინდოს ტალახიან წყალში გარეცხილმა ჩვარმა რამე. ჩათვალეთ რომ უბრალოდ მანქანის სალონს ასველებენ და ამას ქვია რეცხვა. ჩემი ბაჭია დამეფიცება, ჩემ თვალწინ მძღოლმა,  დასველების მიზნით რომ ჩვარზე დააფურთხა და შემდეგ ,,გაწმინდა” მანქანის სახელური. ამის მერე დამეწყო სახელურების ფობია თუ ზიზღი. ასევე ველოდები, როდის მორჩება მძღოლი გარეთ ჭორაობას, ამოვა მანქანაში, დაქოქავს და მოუკიდებს სიგარეტს. ხომ შეიძლება სიგარეტი მანამდე მოწიოს, სანამ მანქანაში ამოვა?

ეს მძღოლების თემა ამოუწურავია, მაგრამ ახლა უნდა მოვყვე გუშინდელი ამბავი, რამაც ამ პოსტის დაწერა გადამაწყვეტინა. გუშინ გამიმართლა და სხვა რამოდენიმე მგზავთან ერთად, ცოცხალი მივედი სახლში.

სამსახურიდან გვიან გამოვედი, ,,გამიმართლა“ და გაჩერებაზე გასვლისთანავე გამოჩნდა 10 ნომერი მარშუტკა. რა თქმა უნდა ფეხზე უნდა დავმდგარიყავი. კარების დაკეტვისთანავე დაძრა მანქანა, ისე რომ არც დალოდებია ჩემს ბოლომდე მანქანაში ასვლას, ამიტომ წინ მჯდომ ქალს ჩაუვარდა ჩემი ჩანთა კალთაში. შუა ქალაქში, ორ ზოლიან გზაზე მანქანა დადიოდა სულ მცირე 70კმ/ს სიჩქარით. ამაზე ნელა არ უვლია, თავი ქორწილის მაყრიონში მეგონა. მეტეხის ხიდთან პირდაპირ ლესელიძეზე რომ ვერ ააჭრა და წრეზე წასვლა მოუწია, მხოლოდ იმის გამო რომ შემთხვევით პატრული გამჩნდა, აი აქ დაიწყო გინება და ბოლო გაჩერებამდე არ გაჩერებულა. გინება წყდებოდა, იწყებოდა კომენტარები ყველაზე და ყველაფერზე. პარალელურად სიჩქარე 70-90კმ/ს-ში, მკვეთრი მუხრუწებით. რამოდენიმე მგზავრმა, დაახლ. 50-60 წლის ქალმა გამოთქვა პრეტენზია, რომ ტრანსპორტში ადამიანები სხედან და მშვიდად უნდა ატაროს მძღოლმა მანქანა. მძღოლმა კომენტარის გარეშე დატოვა ეს რეპლიკები, მაგრამ ამ ქალებს ჩასვლისთანავე ისეთი გინება მიაყოლა, ძნელად თუ დავივიწყებ.

მთელი გზა ვისმინე მძღოლის კომენტარები:

-ოქროოოო, ჰაეეეე … (ვის მიმართა უცნობია)

– სად მოძვრები რომ მოძვრები, უპააა დაგადეე? (აქ გვერდით მანქანას ჩაუჭრა და გადაასწრო)

– გადმოვყვინთეე? ვინ მამაძაღლი ჰა? (აქ თავი ფანჯარაში გაყო და უკან მდგომ მანქანებს მიაძახა)

– კიბეზე აგსვა თუ აქ ჩამოხვალ? (მგზავრს გადასძახა)

ერთ მგზავრს ჩაეძინა. მძღოლი აყვირდა, გააღვიძეთ, რომ იძინებს არ უნდა მითხრას სად ჩამოდისო? გააღვიძეს, აღმოჩნდა რომ ეს გულგახეთქილი ახალგაზრდა ბოლო გაჩერებაზე ჩადიოდა. მძღოლი უცბად მიუტრიალდა და ეუბნება: ძმის გულო, სიგარეტი ხო არა გაქვს?

არ ვიცი აქ სასაცილოდ მქონდა თუ არა საქმე, რადგან სააკაძის მოედნიდან ვახუშტის ხიდისკენ ისეთი სისწრაფით ჩაუხვია, რომ ლამის პატრულს დავეჯახეთ. პატრულმა მანქანა მოატრიალა და წავიდა. დღესაც ვერ ვხვდები, რატომ არ გააჩერეს ჩვენი ,,მარშუტკა“, ალბათ გამოძახებაზე იყო. (?) მძღოლიც კმაყოფილია: ,,მე მეგონა იმასმიმასქნიდნენ“.

ეს კაცი არ იყო ფსიქიკურად ჯანმრთელი, ბოლომდე ვერ გავძელი, შემეშინდა, ადრე ჩამოვედი და ფეხით გავაგრძელე დარჩენილი გზა.

მიკვირს, რატომ არავინ ამოწმებს მძღოლის ჯანმრთელობის მდგომარეობას, სანამ ამდენი ადამიანის სიცოცხლეს ანდობენ?

რატომ არ ამოწმებენ სისტემატურად სამარშუტო ტაქსების ტექნიკურ მდგომარეობას?

რატომ არ აღიქვამენ მძღოლები თავის სამუშაო ადგილს სერიოზულად? რატომ გონიათ, რომ მათი რამე ვალი გვაქვს და მადლობლები უნდა ვიყოთ? მუდმივად ხურდის პრობლემა რომ აქვთ და ქაღალდის ფულის დანახვაზე ეკლები აყრით, ეგ ცალკე თემაა კიდევ.

ესაა მათი სამსახური, საჭეა მათი სამუშაო ადგილი, ამიტომ ნება იბოძონ და მათთვის არასასურველი პირობების მიუხედავად, კეთილსინდისიერად შეასრულონ თავისი მოვალეობები. ჩვენც შეიძლება ბევრი პრეტენზია გვქონდეს ჩვენს დამსაქმებელთან, მაგრამ ეს შესრულებულ სამუშაოს ხარისხზე არ უნდა აისახებოდეს, მითუმეტეს როცა ადამიანების სიცოცხლეს უქმნი საფრთხეს. მათ არ ჰყავთ სათანადო კონტროლიორი, ალბათ არ არსებობს შესაბამისი სანქციებიც, რამდენჯერ მინახავს ბოლო გაჩერებებზე ე.წ მძღოლების ,,ბირჟაზე“ თუ ,,გარაჟში“ ლუდის სმაში გართული მძღოლები, რომლებიც შემდეგ საჭესთან სხდებიან.  ცხელ ხაზზე რეკე რამდენიც გინდა, პრობლემა წლებია ისევ პრობლემად რჩება. ცხელი ხაზით რომელიმე პრობლემა მოგიგვარებიათ?

ჯერ გაზაფხულია და ზაფხულისთვის, კიდევ ერთი კონცერტის მიზეზი დაემატება, კონდიციონერების გაუმართაობა თუ ჩაურთველობა.

არ მინდა ქალაქში მსგავსი ტრანსპორტი არსებობდეს, მსგავსი პრობლემებით. იმედია რამე შეიცვლება, ან ახალ შედარებით დიდი ზომის ავტობუსებს შემოიყვანენ და გადატვირთულ გზებსაც ცოტა ეშველება ან მართლა აღარ ვიცი უკვე რაა ამის საშველი. 😦

 

Advertisements

4 thoughts on “საზოგადოებრივი ტრანსპორტი

    1. ამათ რომ რამე ახალი პირობა წაუყენო, წარმომიდგენია უკვე სიტუაცია. დაიწყება გამოსვლები, აქციები, ზოგი ბენზინს გადაისხავს, ზოგი მანქანას დაწვავს. 😐
      მაგრამ მაინც უნდა შეიცვალოს და მოწესრიგდეს ეს სფერო რამდენად მტკივნეულიც არ უნდა იყოს მავანთათვის.

      Like

      1. გეთანხმები. მიეჩვივნენ, რომ პასუხს არავინ სთხოვთ საქციელებზე და თუ სთხოვენ, მაშინ დაჩაგრულის პოზიციას იჭერენ ან ძალადობაზე გადადიან -.-

        Liked by 1 person

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s