ურთიერთობები

კაცები

სანამ წერას დავიწყებ, მინდა ვთქვა რომ ქალები და კაცები ერთმანეთს უფრო გვანან, ვიდრე განსხვავდებიან. რაც ერთმანეთისგან განასხვავებთ ეს ხასიათის თუ ბუნების წვრილმანი  დეტალებია, რაც ურთიერთობებში გაურკვევლობებს იწვევს ხოლმე. თორემ სურვილები და მისწრაფებები ყველას საერთო აქვთ. განსხვავება რაც ზოგადად სქესს ახასიათებს ძალიან უმნიშვნელოა. კაცებს, მასკულინური ბუნებიდან და გენეტიკიდან გამომდინარე, განსხვავებული ქცევის წესები და მოთხოვნები აქვთ, ქალებს – სხვანაირი. ამ ,,წესებს“ და დადგენილ ნორმებს ორივე სქესი ,,ემორჩილება“. ეს განსხვავებული ქცევები და დამოკიდებულებები ყოველდღიურ ურთიერთობაში ჩანს, მაგრამ ძირითადი სურვილები და მისწრაფებები ორივე სქესს საერთო აქვს, რადგან ადამიანური ბუნებაა საერთო. გასათვალისწინებელია ინდივიდის საცხოვრებელი და ზოგადად სოციალური გარემო, სადაც დაიბადა და გაიზარდა, რადგან შეხედულებებიც გარემოს შესაბამისი ყალიბდება ხოლმე, ამიტომ იმის მტკიცებას ახლა არ დავიწყებ რომ ყველა ინდივიდი, განურჩევლად სქესისა, განსხვავებულია. ეს ვიცით, მაგრამ მე დღეს დავწერ რა სურთ კაცებს ჩვენგან და თუ მკითხველი ქალები მეტყვიან, რომ ეს  ქალებს კაცებისგანაც არ სურთ, ხელებს ავწევ. 🙂

  • ადამიანური ბუნებიდან გამომდინარე, ყველას სიამოვნებს ვიზუალურად ლამაზი და მოწესრიგებული ადამიანის დანახვა, თვალი ჭამსო – ხო გაგიგიათ? თვალი ხედავს სანამ ყური მოისმენს. ამიტომ მოვლილი ქალი უფრო ადვილად შესამჩნევია, ვიდრე მოუწესრიგებელი. ყველა კაცს უნდა ლამაზი ქალი ჰყავდეს გვერდით, ეს თავდაჯერებას და მამაკაცურ სიამაყის შეგრძნებას მატებთ.
  • თვალმა ჭამა, ახლა ყურმაც უნდა მოისმინოს. გავრცელებულია მოსაზრება, რომ მამაკაცებს აშინებთ ინტელექტუალი ქალები, არადა მამაკაცები ფსევდო ინტელექტუალებს გაურბიან. კაცები გაიქცევიან, თუ თქვენ ერთიანად მოინდომებთ ყველა იმ სიტყვის გამოყენებას, რაც კი ოდესმე გისწავლიათ, რომლის მნიშვნელობაც თავად კარგად არ იცით, ხმარობთ უადგილოდ, ან სასაუბრო თემა არ შეეფერება საუბრის ადგილს. საჭიროა ვიცოდეთ ჩვენი ,,ზედმეტი განათლების“ სწორად გამოყენება. პაემანზე არავის სურს სამეცნიერო თუ ლიტერატურული ტერმინოლოგიით მოსაუბრე ადამიანის მოსმენა. ასევე არაა სასურველი სლენგით, ჟარგონებით და ბარბარიზმებით საუბარი. კაცებს განათლებული და გონიერი ქალები მოსწონთ. ქალს თუ წარმატებული კარიერაც აქვს, ხო დამატებითი პლიუსია რეზიუმეში. 😉
  • ნებისმიერი წარმატებული ურთიერთობის საწინდარია გულწრფელობა. ურთიერთობის რა ეტაპიც არ უნდა იყოს, კაცი ქალისგან ბუნებრიობას ითხოვს. ქალები უნდა მოვრჩეთ თამაშს, ვიყოთ ის რაც სინამდვილეში ვართ. ცუდია როცა ლამაზად შეფუთული პროდუქტი ნაგავში გადასაგდები ხდება ხოლმე. გვიყვარს ხმამაღლა სიცილი? ვიცინოთ, გვიყვარს კარგი ჭამა? ვჭამოთ, მოვითხუპნოთ პირი კეტჩუპით ან ნაყინით, ვიყოთ ისეთები როგორიც ჩვენს მეგობრებთან ვართ, მხიარულები, ლაღები და არა კომპლექსებით შეპყრობილი სუბიექტები, რომლებიც ჯერ კაცის ხასიათს სწავლობენ და მერე ცდილობენ თავის პრეზენტაციას ისე, რომ კაცის მოთხოვნებს მოერგონ. კაცებს ასეთი ქალები არ უნდათ!
  • კაცებს სურთ ქალები, რომლებმაც იციან საკუთარი თავის ფასი. მოწონთ თავდაჯერებული და არა თვითკმაყოფილი ქალები. 21-ე საუკუნეში, სოციალური ქსელის ეპოქაში, ძალიან ადვილია ადამიანის შესახებ ინფორმაციის მოძიება. ჩვენი პროფილი ჩვენი სარკეა, ხანდახან კარგად გასაწმენდიც კი. მამაკაცს არ უნდა ისეთი ქალი, რომელიც არის ყველგან, ყველასთან და აკეთებს ყველაფერს რაც მოესურვება, ვინც საზოგადოებას ამცნობს მისი ცხოვრების ყოველი წუთის თუ ხასიათის ყველა ცვლილების შესახებ. კაცებს, მოსწონთ ნაკლებად აქტიური ცხოვრების წესის მქონე ქალები, მათთვის ქალი მიუწვდომელი უნდა იყოს, ამჯობინებენ მათ ვისი ცხოვრებაც ნაკლებად ხელმისაწვდომია მასისთვის. ასეთი ქალები უფრო საინტერესოები და დამაინტრიგებლები არიან. თუ ყველას ყველაფერს უყვები საჯაროდ, მათთვის მოსაყოლი რაღა რჩება?
  • კაცის ტვინი სხვანაირადაა მოწყობილი, იღებს ინფორმაციას ისე, როგორც ისმენს და ხედავს. ხშირად წაგვიწუწუნია ხოლმე ქალებს, რომ კაცებს ჩვენი არ ესმით, მაინც ისე იქცევიან როგორც თვითონ უნდათ, არ გვისმენენ და ა.შ კაცი ვერ იგებს გადაკრულად ნათქვამს, ვერ აღიქვამს და იმახსოვრებს დეტალებს. ვერ ხვდებიან რატო ვართ გაბუტულები ან ნაწყენები და ვერც მიხვდებიან თუ ეს არ ვუთხარით. უნდა ვუთხრათ რას ვითხოვთ მათგან, ან რა გვწყინს აი ასე პირდაპირ! არ ვიცი ეს რისი ბრალია, უბრალოდ თავის შეწუხება ეზარებათ და ცოტა მეტი დაფიქრება, თუ მართლა ასეთი მარტივები არიან.
  • მამაკაცებს ჭირდებათ იგრძნონ მათი არსებობის საჭიროება ჩვენ ცხოვრებაში. მასკულინური ბუნებიდან გამომდინარე, ჭირდებათ ქალი, ვისაც მათი იმედი ექნება. მამაკაცი ყოველთვის მზად იქნება ირწმუნოს, რომ ის ყველაზე ჭკვიანი, ძლიერი და მნიშვნელოვანი პიროვნებაა ქალის ცხოვრებაში და ყველაფერი გამოუვა. გვერდით სურთ ქალი, რომელსაც შეუძლია პრობლემური საკითხის გარჩევა ან პრეტენზიის გამოთქმა შეურაცხყოფისა და კონფლიქტების გარეშე. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში მოუნდება კაცს გახდეს მისი გმირი.
  • ყველას გაგვიგია ფრაზა ,,კაცებს სექსის გარდა არაფერი აინტერესებთო“. აინტერესებთ, მაგრამ სექსიც რომ ძალიან მნიშვნელოვანია? 😉 კაცს სექსუალური პარტნიორი ჭირდება და არა სექსუალური მონა. არ არსებობს სექსში სირცხვილი და აკრძალვები, თუმცა ასევე არაა ძალადობის ადგილიც. კაცებს, ქალებისგან განსხვავებით, უჭირთ გრძნობებზე და ემოციებზე ლაპარაკი. ამიტომ ქალებს დიდი როლი გვაქვს ამ მისიაშიც.  კაცებს უყვართ მრავალფეროვნება, ახალი იდეები, ინიციატივები ქალის მხრიდან, ქალის ლამაზი თეთრეული და ყველაზე მთავარი … სინათლე. კაცი უნდა ხედავდეს ქალს.  ნუ ჩააბნელებთ ოთახს!
  • თავისუფლება! ვის უნდა სახლში მოდარაჯე, ეჭვიანი დეტექტივი?კაცისთვის საჭირო და მნიშვნელოვანია პირადი სივრცე და ის ცხოვრება რომელიც ქალის გამოჩენამდე ქონდა კაცს. აიძულო კაცი უარი თქვას მეგობრებზე, ჰობზე და გატაცებებზე ეს ქალის ყველაზე დიდი შეცდომაა. კაცს საყვარელი ქალის გარდა კიდევ აქვს ინტერესები და სურვილები, რომლის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაშიც, გარანტირებულია ურთიერთობის რღვევა და კონფლიქტი.
  •  
  • და ბოლოს, ჩემი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანი სურვილი: კაცებს სჭირდებათ ცხოვრების პარტნიორი, რომელიც გაიგებს და იგრძნობს იმას, რასაც კაცი ფიქრობს და გრძნობს. სურთ პარტნიორი, რომელიც გვერდით დაუდგებათ ჭირში თუ ლხინში, ვისთანაც გაცვლის აზრებს, იკითხავს რჩევას, იგრძნობს მისგან მორალურ მხარდაჭერას და ნდობას. კაცს ქალის სახით ჭირდება მეგობარი, სუსტი სქესი ძლიერი ხასიათით, ერთგული და სანდო ადამიანი. მამაკაცს ჭირდება პარტნიორი, რომელიც შექმნის მშვიდ და ჰარმონიულ სამყაროს, ადგილს სადაც კაცს ყოველთვის მიეჩქარება.

რა სურთ კაცებს? მე მაინც მგონია, რომ ჩვენ ერთნაირები ვართ, მსგავსი სურვილები და მისწრაფებები გვაქვს, უბრალოდ სხვადასხვა ენაზე ვსაუბრობთ და ხშირად ვერ გვესმის ერთმანეთის. ამიტომ მინდა, რომ ყველას მსგავს ენაზე მოსაუბრე პარტნიორი მაინც შეხვდეს. ❤

 

 

 

Advertisements

5 thoughts on “კაცები

  1. “ნაკლებად აქტიური ცხოვრების წესის მქონე ქალებში” რას გულისხმობ?

    თითქმის ყველა პუნქტში დაგეთანხმე, თუმცა აქ – ვერ 🙂

    Like

    1. ამ პუნქტში იგულისხმება ქალები, რომლებიც ყველგან არიან. დღე სამსახურში, საღამოს სპორტდარბაზში, ღამით კლუბში და ა.შ შეგიძლია განავრცო. კაცებს, მესაკუთრე ბუნებიდან გამომდინარე, დიდად არ ხიბლავთ ,,ყველას მეგობარი” ქალები. არიან კაცები, ვისაც ქალი მხოლოდ ,,კუხნაში” წარმოუდგენიათ, ზოგი იმ ,,დათმობაზე” მიდის, რომ სამსახურში უშვებს ქალს. ესაა რეალობა და ამას ვერ დავმალავთ. ქალი კაცს უნდა ეკუთვნოდეს და არ მოსწონთ, როცა ქალის ცხოვრების დეტალები მასისთვის ცნობილია. ეს მათი ხასიათია და ამას ზოგი მძაფრად გამოხატავს, უხეში ფორმებით, ზოგი სულაც არ ახმოვანებს. 🙂

      Like

  2. რა საინტერესო პოსტია და ძალიან ბევრ რამეში გეთანხმები.

    მომეწონა შენებური ხედვა მამაკაცებისა, ბევრზე ბევრი სიმართლეა ამ ყველაფერში.

    განსხვავებულობა (ბიოლოგიურ-ფიზიკური) კიდევ ძალიან კარგ რამედ მიმაჩნია. ყოველთვის მძულდა და სულ ვკამათობდი მეგობრებთან, რომლებსაც სჯეროდათ, რომ “ყველა კაცი ერთნაირია” და ა.შ.
    ასე, ყველა ქალიც ერთნაირი შეიძლება იყოს, თუ ადამიანი გონებავიწროა და აზროვნება ეზარება.

    მას შემდეგ, რაც ორი ბიჭი მყავს (ჯერ პატარები, მაგრამ მაინც), მივხვდი, რომ ბევრზე ბევრი რამე დედაზე, ქალზეა დამოკიდებული, თუ როგორ აღზრდის თავის შვილებს და რას ასწავლის.

    Liked by 1 person

    1. კი, ძალიან ბევრი რამეა ქალზე დამოკიდებული. საერთოდ მიმაჩნია, რომ ოჯახში ქალია მაინც მთავარი. როგორი ქალიცაა ისეთია ოჯახური გარემოც, დედას აქვს ბავშვების აღზრდის ფუნქცია მაინც, ბავშვებიც მას უფრო ესაუბრებიან. ამაზე ცალკე ვაპირებ დაწერას და გამიხარდება თუ შემოივლი. 🙂
      ეს პოსტი რომ მოგეწონა კიდევ მიხარია. ❤

      Liked by 1 person

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s