ოჯახი

ჩემი სოფელი

სოფელი, ის სიტყვაა ზოგს გულს რომ უჩუყებს და ნოსტალგიას აღუძრავს, და ზოგს ზიზღს გვრის და სიბინძურესთან აიგივებს. ვისაც რა უნდა ის თქვას, მე ჩემი სოფელი სულ მენატრება. მენატრება ის სოფლური ესთეტიკა, სილამაზე, სიკოხტავე და ტრადიცია, რაც სახლის დანახვისთანავე სულს გიფორიაქებს. რამდენი ხანია სოფელში არ ვყოფილვარ. განა არ მინდოდა ან წასვა მეზარებოდა, უბრალოდ როდის მომეხერხებინა ეს ვერ ვხვდებოდი. ყველაფერს სიყოჩაღე უნდა.

სოფელი გამსაკუთრებით მაშინ მახსენდება, როცა დაღლილობისგან ვეღარანაირ ემოციას გამოვხატავ. როცა აღარ შემიძლია დასმულ კითხვებზე პასუხების გაცემა, ფორმალური ურთიერთობები (ეს არც არასდროს მხიბლავდა, თუმცა ვახერხებდი) და სახეზე ყალბი ღიმილი, სახლში ოჯახის ქალის როლის თამაში, გარეთ კეთილი და მზრუნველი მეზობლის. მაშინ მინდა სოფელი, როცა სული ითხოვს დაისვენო ყალბი ყოველდღიურობისგან და ცოტა ხნით მაინც გახდე ის ვინც სინამდვილეში ხარ. როცა გენდომება გაღიმება, რომ გაიღიმებ, როცა გენდომება ადგომა, რომ ადგები, დაწოლა – დაწვები. როცა გრძნობ რომ მარტო ხარ და რასაც გინდა იმას გააკეთებ. ანგარიშს არავის უწევ, ვაიმე არაფერი ეწყინოსო, უხეშად არ მოვიქცე ანდა იმაზე იდარდო ის რას ფიქრობს ჩემზეო. ხანდახან წყალივით მომწყურდება ჩემს ეზოში დარგული დიდი ალვის ხის დანახვა. აი მაშინ ვხდები რომ ის ჩემზე ბედნიერია, თავისუფალია და ღმერთთან უფრო ახლოა. შენც ეხუტები და გრძნობ მის ძალას და სითბოს. რამდენი ხანია ის ჩემს ეზოს დარაჯობს. რამდენი ეზოში მორბენალი ახალი თაობისთვის უყურებია, რამდენი სტუმარი მიუღია და გაუსტუმრებია. აი, მაშინ ვხვდები თუ რატომ უყვარს ბებიას იქ ყოფნა. მეტი რა უნდა დაღლილ სულს? მთის წვერიდან გადახედო შენს წარსულს, შენს ისტორიას, წინაპრების ცხოვრებას, წინ უყურო კავკასიონის მწვერვალზე მობრიალე მზეს, მიწიდან ამოზრდილ სალ კლდეებს და დაფიქრდე შენს უსუსურობაზე და წარმავალობაზე. აი ჩემი ეზოს ალვის ხე კი კიდევ დიდხანს უყურებს ამაყად ეზოს, მზე მუდამ იბრიალებს კავკასიონზე და ვერც იმ ბებერ მთებს დააკლებს დრო ვერაფერს.

ჩემს ეზოში მუდამ სიწყნარეა. ქარი თუ შეარხევს დაფნისა და წაბლის ხეებს. საკმარისია ეზოში შევდგა ფეხი და სახეზე გრილი სიო მეფერება, მუცელში პეპლები იწყებენ შრიალს, სხეულში სიმსუბუქეს და სილაღეს ვგრძნობ. მაშინ ხვდები რომ მოწყდი ყოველდღიურ ერთფეროვნებას, სიყალბეს, ქალაქის აურზაურს და აქ სადღაც სხვა სამყაროში, თავისუფალ ცის ქვეშეთში, სულის გასათავისუფლებლად ამოხვედი. აქ არც იმაზე დარდობ დილით ადრე სამსახურში, რომ უნდა გაქანდე და არც იმაზე თუ როგორ გამოიყურები.

დიდი აღმართია ჩემს ეზომდე ასავლელი. მიდიხარ და დაღლილობისგან ფიქრობ: ”გათავდი მალე, რომ მივიდე და ლოგინზე დავეცე.” ადიხარ აღმართს, მაგრამ საკმარისია ეზოს ჭიშკარი შეაღო და ფეხებში ყურშა ფინია შემოგეგებოს კუდის ქიცინით, რომ მაშინვე გავიწყდება დაღლილობა და 2 წუთის წინანდელი წუწუნი. გინდა, რომ მთელი ეზო შემოირბინო და დაათვალიერო რამე თუ შეცვლილა შენი არ ყოფნის დროს. ამ დროს ფინიაც უკან დაგდევს და გეთამაშება. უცებ იკარგება დაღლილობა, როცა ეზოდან გადახედავ მწვანედ აბიბინებულ სერებს და ყანებს.

სახლამდე ბილიკს მიჰყავხარ. ეზოში ისევ ისე გხვდება წლების წინ დიდი ბებიების და ბაბუების დანატოვარი მრგვალი ქვის მაგიდა და სკამები, რომელთაც ლეღვის ხეები ჩრდილავს. კარალიოკის ხის ქვეშ მოქანავე ფანჩატური, რომელიც ბებიას ახალგაზრდობის დროს უყიდია საზღვარგარეთ. ბებიას უყვარდა მოგზაურობა. თავის ახალგაზრდობის ამბები ვინ იცის რამდენჯერ აქვთ მოყოლილი, მაგრამ ყოველჯერზე ისეთი ახალი ენერგიით და სიამაყით ყვება, რომ გგონია პირველად უსმენ. ყოველთვის ჩამოჰქონდა ხოლმე ლამაზ – ლამაზი ნივთები მოგზაურობიდან. ყოველთვის განსხვავებულად ეცვა და გამოირჩეოდა ნაცრისფერი საბჭოთა საზოგადოებისგან. გამოირჩეოდა აზროვნებით, შინაგანი ბუნებით. განსხვავებული და ბობოქარი ბუნების ადამიანები ყოველთვის აღიზიანებს და ძაბავს საზოგადოებას. ახლაც და ადრეც. დღესაც, კაპიტალიზმის ეპოქაში, 21 საუკუნეში, აშინებთ ახალი იდეა, ახალი აზრი, საწინააღმდეგო პასუხი, თუმცა რას ვიზავთ. მხოლოდ ის ადამიანები ახსოვს ისტორიას ვინც გაბედა თავის დროზე საკუთარი მეს წარმატებით წარმოჩენა.

ახლაც ფანჩატურზე ახალი გადასაფარებელი დამხვდა, რომელიც ვინ იცის სად და როდის აქვს ბებიას ნაყიდი, თუმცა ისეთი ლამაზია დღევანდელ მაღაზიებში მსგავსის პოვნა გაგიჭირდება. ახალი ბალიშები დაუწყია და შვილიშვილის დასახვედრად მოუმზადებია ეზო და სახლი. ეზოში მიწის და ბალახის სუნი ტრიალებს. ამჩნევ, რომ ყველაფერს მზრუნველი ხელი ეტყობა და დიდი სიყვარულით და რუდუნებით არის მოვლილი ყოველი ნივთი.  ეზო სავსეა ლეღვის, კარალიოკის, დაფნის და წაბლის ხეებით. წვიმის დროს უნდა გახვიდეთ ეზოში და მაშინვე იგრძნობთ ხის სველი ფოთლების უცხო და ეგზოტიკურ არომატს. ძველ ღობესთან ბებიას დარგული ყვავილები ყვავიან და ათასგვარ სურნელს აფრქვევენ. ეზოს კაცის ხელი აკლია, ჩანს აქა-იქ გადანგრეული ყორე, წაქცეული ღობე, მინდორში დაყრილი ლოდები, რომელიც ოდესღაც სახლის ასაშენებლად მოუტანით წინაპრებს.

დიდი კაკლის ხის ქვეშ ძველი იმერული ოდა დგას. სახლში სიძველის სუნი იგრძნობა. ბებიას ფერადი ხის  ახალი ჟალუზი ფარდები ჩამოუკიდია, შესასვლელში ახალი დივანი და სავარძელი დამხვდა, ახალი ფარდები. სხეულში უცნაური სითბო მეღვრება, როცა წარმოვიდგენ შვილიშვილის დასახვედრად მარტო ბებიამ რამდენი იწვალა, რამდენი იფიქრა როგორ გაელამაზებინა სახლი. სოფელში ბევრჯერ ავსულვარ, მაგრამ ყოველ ასვლაზე იმდენ ახალ რამეს ვნახულობ და ვგრძნობ, რომ მიკვირს როგორ იტევს ეს პატარა სახლი ამდენ ემოციას. იქვე შვილიშვილების გასართობად სახელდახელოდ აწყობილ ხის მაგიდაზე ძველი ნარდი, კარტი და საწინასწარმეტყველო წიგნებია გამოშლილი. ბებიას საკუთარ მაგიდაზე (რომელსაც არ უნდა შევეხოთ), სამკურნალო წიგნები და მცენარეებია დაწყობილი. ყოველ ჩასვლაზე ერთიდაიგივე რიტუალი სრულდება. ბებიამ ათასჯერ გაკეთებული პასეანსები, ათასჯერ წაკითხული ნოსტრადამუსის და იძინის წინასწარმეტყველება კიდევ ერთხელ უნდა შეასრულოს. ცოტა დასვენების შემდეგ ბებია საკუთარი ნახელავით გვიმასპინძლდება. ბებიას კულინარია ცოტა სხვანაირად ესმის, ყველაფერს განსხვავებული სურნელი და გემო დაჰკრავს და ამიტომაც გამოარჩევ ყველასგან ბებიას ნახელავს.

ყოველ საღამოს ეზოში ნარდს ვთამაშობთ, ვსაუბრობთ ცხოვრების ავ-კარგზე, წარსულსა და მომავალზე. მზის ჩასვლას სერიდან ვუყურებთ. მაშინაა სამყარო ულამაზესი, როცა წითლად განათებულ კავკასიონს ხედავ, გგონია, რომ თუ მზის გავარვარებული დისკო მთის წვერს მიუახლოვდება მთას დაადნობს. მაგრამ მთა ამაყად დგას და ისევ ელოდება მომდევნო საღამოს, რომ მზე ისევ მიიღოს და ჩაიხუტოს.

სხვისთვის არ ვიცი, მაგრამ ჩემთვის ეს რამდენიმე დღე, რომელსაც სოფელში ვატარებ საგზალია მთელი წლისა, რომელიც მერე ქალაქში ყოფნისას უნდა ვიმყოფინო. თუმცა ყოველ ზაფხულს ილევა და სული ახალი საზრდოს მიღებას მთხოვს. არ გეგონოთ, რომ დამავიწყდა ჩემი სოფლის სახელის თქმა. პირიქით, განგებ არ ვთქვი. სიცოცხლისა და ბუნების მოყვარულ ადამიანს, თავისი სოფელი მუდამ თან დააქვს, ღრმად გულში, სადაც არ უნდა იყოს ის.

Advertisements

2 thoughts on “ჩემი სოფელი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s